პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს თბილისში ბრალდებულმა მამის კუთვნილ ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ბრალდებულების ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებს უწყება.